რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ
31/03/2021 06:10:59 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, რომელიც 2020 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების თაობაზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა:
- სერიოზულ პრობლემებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებებთან, გამოძიებებთან და დევნებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა;
- უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში;
- მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციების მიმართ შეზღუდულ პატივისცემას და დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას ან მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსდგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ;
"მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, გამოძიება დაეწყო ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის, პრობლემად რჩება ანგარიშვალდებულების ნაკლებობა 2019 წლის ივნისში ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ შეუფერებელი საპოლიციო ძალის გამოყენებასთან და საქართველოდან 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით“, - ნათქვაია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ ქვეთავში წერს, რომ აქტუალური დარჩა შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა წლის განმავლობაში რამდენიმე პრობლემას გამოყოფდნენ, მათ შორის ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და სასამართლოთა ხელმძღვანელებსიგან შემდგარი ჯგუფის გავლენას, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ახშობდა კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ბლოკავდა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ მიმართულ წინადადებებს.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გავლენიანი და არარეფორმატორი მოსამართლეების ჯგუფს ‘კლანად’ მოიხსენიებდნენ. ისინი სხვა პრობლემებზეც საუბრობდნენ, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენაზე ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმეების განაწილების სისტემის მანიპულაციაზე, უმაღლესი საბჭოს მოქმედებაში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და ნაკლოვანებებზე უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეების და სასამართლოთა ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესში“.
გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ქიბარ ხალვაშის, "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას, "ტვ პირველის" მფლობელის ვატო წერეთლის მამის ავთანდილ წერეთლის, "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას, ასევე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა.
"15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციურმა პარტიებმა მათი გათავისუფლება მოითხოვეს მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა შეწყალებებს [...] ოპოზიცია აგრძელებდა ოპოზიციონერი ფიგურის გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს. ახასიათებდა მას, როგორც პოლიტპატიმარს, რომლის გათავისუფლება გათვალისწინებული იყო 8 მარტს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 30 ივლისს რურუას მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ორი ბრალდებით. 4 აგვისტოს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და განაცხადეს: ”პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე ან კრიტიკულ მედიასაშუალებებზე გავლენის მოხდენის იარაღი გახდა",- აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, მოინახულონ პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად ან პოლიტიკური მოტივის საფუძველზე დაკავებულად აცხადებენ და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს განახორციელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების შეწყვეტა, რის მიზეზადაც პროკურატურამ „დანაშაულის არარსებობა“ დაასახელა და აღნიშნულია, რომ თავის ყოველწლიურ ანგარიშში ომბუდსმენმა პროკურატურას საქმის განახლების და გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია "კარტოგრაფების საქმე" და აღნიშნულია, რომ "ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ "კარტოგრაფთა საქმე" როგორც პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს".
"მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მიკერძოებულმა განცხადებებმა საქმის არჩევნებთან დაკავშირების შესახებ კიდევ უფრო გაამყარა ეს შეშფოება. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობა, ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული საქმის გარშემო მოვლენები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალადობრივი კონფლიქტის პერიოდში განვითარდა.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ ფენომენზე:
"პრევენციის ეროვნული მექანიზმის” ყოველწლიურ ანგარიში "მაყურებლების" მიერ არაფორმალური მმართველობის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ საკითხად არის დასახელებული. ციხის მენეჯმენტის ზოგიერთმა წევრმა პრობლემის არსებობა აღიარა. სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკითხი დააყენა და საჯარო მოსმენებზე დახმარება ადმინისტრაციისგან მოითხოვა. ამის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო სახალხო დამცველის პერსონალის ციხეებში დაშვების შეზღუდვა. [...] სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ასეთი არაფორმალური კონტროლი "ხშირად იწვევს პატიმრების მიმართ ძალადობასა და ბულინგს". დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა განაცხადეს, რომ მე -8 საპყრობილეში "მაყურებლის" მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შევიწროება მოხდა“- აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა. დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანი დარღვევები ამ რეგიონებში მოიცავდა მკვლელობებს, დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის, არჩევნებში და ზოგადად პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის შეზღუდვას და ეთნიკური ქართველების შეზღუდვას საკუთრების ფლობის ან ბიზნესის რეგისტრირების კუთხით:
„გაძლიერდა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების "ბორდერიზაციის" პროცესი, რამაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდა გადაადგილება და ადამიანები დააშორა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. რუსეთისა და დე-ფაქტო მთავრობები ორივე რეგიონში არღვევდნენ ადამიანის უფლებებს“.


