ალეკო ელისაშვილი: "მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც პოზნერს ანგელოზები დაუფეთა"
01/04/2021 08:01:26 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.
„აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა „იუჟნაია შაშლიჩნაიას“. საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოდ მაშინ არ აღიქვამდა და რუსებს მიაჩნდათ და დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ. ამის შემდეგ „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო. ძალიან კარგი, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. ის არ არის ჩვეულებრივი რიგით რუსი, ეს არის ძალიან გავლენიანი ადამიანი რუსეთში. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ თან შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს სახწლმწიფოს და თან ვითომც არაფერი,ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.


