„პროტესტი რუსეთისთვის კარგი საბაბი არ უნდა გახდეს“ – მმართველი გუნდის რეაქცია კრემლის პროპაგანდისტის ჩაშლილ დაბადების დღეზე
01/04/2021 08:54:06 პოლიტიკა
პროტესტის გამო ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ, ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები უკან, რუსეთში დაბრუნდნენ. თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილის 08:00 საათისთვის დატოვა. კრემლის პროპაგანდისტმა საქართველოში დარჩენა 24 საათითაც ვერ შეძლო და თბილისიდან, სადაც საკუთარი 87-ე დაბადების დღის მასშტაბურად აღნიშვნას აპირებდა - ჩარტერული რეისით გაფრინდა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი არ უნდა გახდეს რუსეთისთვის კარგი საბაბი საქართველოსთვის დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა
"როგორც აღმოჩნდა 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმეჯერ იყო ჩამოსული საქართველოში და რამდენიმეჯერ სტუმრობდა საქართველოს, არც ერთ ხელისუფლებას და არც ერთ იმ სამოქალაქო აქტივისტს, ეს არ გაუპროტესტებია. ამიტომ ვამბობ, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაცას, გავაპროტესტოთ და ნუ გვინდა, რომ ეს პროტესტი გავხადოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედება. ჩვენი პროტესტი არ უნდა გახდეს რუსეთისთვის კარგი საბაბი საქართველოსთვის დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა, რაც ერთხელ მოხდა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ „პრობლემა, ჩვენი უბედურება ერთი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტში არაა მხოლოდ, ბევრ პოზნერებშია, ზოგადად“.
დამაზუსტებელ კითხვაზე დეპუტატმა უპასუხა, რომ აფხაზეთი საქართველო რომ არაა, ასე ბევრს მიაჩნია რუსეთში და არამხოლოდ რუსეთში“.
ჟურნალისტის კითხვას, ეს ხელისუფლების არაქმედითი ნაბიჯების ბრალი ხომ არაა, დეპუტატი პასუხობს:
„არაქმედითი ნაბიჯების ბრალი არ არის, ცოტა დიდი თემაა და ბევრი საუბარია საჭირო“.
სახელისუფლებლო გუნდის წევრი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე ვლადიმირ პოზნერისა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვების საკითხს ერთ კონტექსტში განიხილავს.
"ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრიივად გაუუქმა. მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" მომხრე პოლიტიკოსი, ჟგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნინა, რომ პოზნერი საქართველოს მორგი ვიზიტით სტუმრობდა.
"პირველ რიგში, მე მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი", - თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ "კოვიდპასორტი" და უარყოფითი PCR ტესტი და ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის დაცვით.
"ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.


