"პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს"
01/04/2021 10:00:38 პოლიტიკა
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან.
„რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს: ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მწვავე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდა საქართველოში რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი - ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ" გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში. ეს არ იყო მარტო პარტიული პროტესტი ეს იყო რუსულ - „ნაცმოძრაობის“ პროტესტი. რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, აქ პოზიცია ბუნებრივია არის ცალსახა და ეს პოზიცია იყო გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალურ რეაქციაში. როგორც მოგეხსენებათ, იყო დარღვეული ცალსახად კოვიდრეგულაციები და ამოქმედდა შესაბამისი სანქციები, როგორც სასტუმროს, ასევე სტუმრების მიმართ. პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოთქვა ეჭვი იმის შესახებაც, რომ გარკვეული პირები შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ეწეოდნენ:
„მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრეს–სპიკერია; დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი".
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.


