"მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას. რუსებმა კარგად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში წასვლა საშიშია"
01/04/2021 10:31:21 პოლიტიკა
რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.
„საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ. კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისივე თქმით, კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც მომხდარი დაგმო.
”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.


