Accentnews.ge
ფირალიშვილი: „დადგება დღე, როდესაც დავიჯერებთ, რომ „გავრილოვის ღამე“ შემთხვევითი არ ყოფილა“

ფირალიშვილი: „დადგება დღე, როდესაც დავიჯერებთ, რომ „გავრილოვის ღამე“ შემთხვევითი არ ყოფილა“

01/04/2021 13:45:03 პოლიტიკა

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილისთვის კრემლის პროპაგანდისტების საქართველოში ვიზიტი მიუღებელია, მაგრამ ფიქრობს, რომ პროტესტის განსხვავებული ფორმები უნდა მოიძებნოს.

„რა თქმა უნდა, პოზნერის ჩამოსვლის გამართლება არაფრით არ შეიძლება: კაცი, რომელიც ასე ლაპარაკებს საქართველოზე, მის პოლიტიკურ პერსპექტივაზე, თუ ჩამოვა, ჩამოვა იმ განწყობით, რომ მოდის ყოფილ კოლონიაში, რომელიც ისტორიული ახირების გამოა თავისუფალი ქვეყანა და დიდი დღეა არ უწერია. ზოგადად, ეს განწყობა პუტინის პროპაგანდისტებს ემჩნევათ და ამას ვხედავთ. ამას ემატება ისიც, რომ პოზნერი კანონს არღვევდა: კომენდანტის საათს, რესტორანს ღონისძიების გამართვის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ რეაგირების ისეთი ფორმების მოძებნა, რომელსაც მეტი სოლიდურობა ექნება. არ შეიძლება, ჩვენც იმ ენაზე ვილაპარაკოთ, რა ენაზეც რუსი შოვინისტი ლაპარაკობს. არ შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ქუჩის ისტერიული ტონი შეიძლება, იყოს პოლიტიკური ტონი და პოლიტიკური პრობლემების გადამწყვეტი. ეს უკვე ჩვენი პრობლემაა“,– ამბობს „აქცენტთან ფილოსოფოსი.

მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტები პოზნერის მოქალაქეობასა და კერძო ვიზიტზე აქცენტით:

„ეს ამერიკის მოქალაქე პუტინის პროპაგანდისტებს შორის ერთ–ერთი ყველზე გამორჩეული რუსი ჟურნალისტია. მთავარია, რომ ის დღეს პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს!

ბოლოს და ბოლოს დადგება დღე, როდესაც დავიჯერებთ, რომ „გავრილოვის ღამე“ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ის შემთხვევით არ ჩამოსულა და არ დასკუპებულა იმ სავარძელში, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ „შეცდომის“ ერთ–ერთი ავტორი დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეა!“.

მისი თქმით, თუ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაქცია იქნებოდა, იგნორი და კანონის შესრულების მოთხოვნა, „ღამით რესტორანს ვერ გახსნი და ვერ გადაადგილდები“. და ვინაიდან სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების აქტიურობის შემდეგ მოუწია, ფირალიშვილი ამბობს, რომ „სწორედ ამიტომაა მუდმივად საეჭვო სახელმწიფოს პოზიცია, როდესაც საქმე რუსეთის ინტერესებზე და ზოგადად, რუსეთზე მიდგება:

„ხუთი პოზნერი ჩამოსულიყო, ოღონდ ანაკლიის პროექტი არ ჩაეშალათ! მათ ეს პროექტი ჩაშალეს და სწორედ ეს მახსენდება პირველ რიგში – დიდი ისტორიული პერსპექტივა, რომელიც გვქონდა და ხელისუფლებამ შეაჩერა. რამდენი ხანია, გვპირდება ტენდერის ხელახლა გამოცხადებას, პერიოდულად წამოწევს თემას, შედეგები კი არ ჩანს. ფაქტია, წლები გადის, ამ სატრანზიტო ნიშას კი სხვები იკავებენ: რუსეთი, ახლა უკვე თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩვენ კი თამაშგარეთ ვრჩებით!“.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S