კარასინი: "მომხდარი შესაძლოა, დადგმული ანტირუსული პროვოკაცია იყოს"
01/04/2021 14:03:38 პოლიტიკა
ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებულ განვითარებული მოვლენებს რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინიც ეხმიანება, რომლის აზრით, ეს შეიძლება, "მართული ანტირუსული პროვოკაცია ყოფილიყო".
«როგორც ჩანს, მთელი ეს ისტორია ანტირუსულ პროვოკაციად და შესაბამის საინფორმაციო საბაბად იყო ჩაფიქრებული. ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელ, ეთიკის ელემენტარული ნორმების დამრღვევ, უკმეხ რადიკალებსა და საქართველოს მტავრობას შორის მწვავე დაპირისპირება», – აღნიშნა სენატორმა და იქვე დაამატა, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარს შეფასება უკვე მისცა, კერძოდ, რადიკალებს უწოდა «დეგრადირებული დაჯგუფება, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგის წარმოება შეუძლებელია».
«ამ პოლიტხულიგნების საბოლოო მიზანია, არ მისცენ ჯანსაღ ძალებს რუსეთთან ორიმხირივ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა იმ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია შექმნილ პირობებში», – დასძინა კარასინმა.


