პოზნერი – აქციის მონაწილეებზე: "ყურადღების ღირსი არ არიან, ზედმეტად დიდი პატივია"
01/04/2021 18:40:26 პოლიტიკა
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში მისი ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ის ადამიანები, რომლებმაც აქცია მოაწყეს, ყურადღების ღირსი არ არიან".
"ძვირფასო კოლეგებო, მინდა აგიხსნათ, თუ რატომ არ მოგეცით კომენტარი არც ერთს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ მივიღე არავის შემოთავაზება გადაცემაში მონაწილეობაზე.
ახსნა საკმაოდ მარტივია: ის ადამიანები, რომლებმაც შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსი არ არიან. ზედმეტად დიდი პატივია. ამიტომ ვარ ჩუმად და ჩუმად ვიქნები", - წერს პროპაგანდისტი პირად ვებ–გვერდზე.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.


