"ორივე მხარემ უნდა დათმოს. ბოიკოტი გამოსავალი არაა და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია"
02/04/2021 16:07:22 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას პასუხისმგებლობას ორივე პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეზე ანაწილებს და აცხადებს, რომ "ორივემ უნდა დათმოს".
"ორივე მხარემ უნდა დათმოს, ორივემ უნდა წაიწიოს წინ, არა ჩემთვის, არა ჩემი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის, უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა", - განაცხადა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].
ამასთან, კრამონმა ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არ არის სწორი.
"მე ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ სავარძლები პარლამენტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არაა გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ სავარძელს, მაშინ რატომ მომცა ხმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც არ ვიკავებ სავარძელს, რომელიც მეკუთვნის? ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას, თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში. ესაა ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხდა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].
აღნიშნულის შემდეგ მას ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანმა ჰკითხა: "ოპოზიციის მხარეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ეხება 8 მარტის შეთანხმებას, სადაც მათი თქმით, [გიორგი] რურუას გათავისუფლების თემა იყო და ესაა საკითხი, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგაც გადაუჭრელია, ოპოზიცია ამბობს, რომ ზოგადად, ხელისუფლება პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ესეც არგუმენტია მათ მხარეს, როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე"...
კითხვაზე პასუხად კრამონმა განაცხადა, რომ "აქ რურუას თემა არაფერ შუაშია".
"ოპოზიციამ მიიღო ბოიკოტის გადაწყვეტილება და ეუთო–ს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან. რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა. პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. იმავდროულად, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი ფუჭია", - განაცხდა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ არ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ დიპლომატ კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.
"ვერ ვხედავ, რატომ არ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ. მათი არგუმენტია, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა. ეს არაა ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, მათ შეეძლოთ, გამოეხატათ კეთილი ნება და ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი. ბევრი ცვლილება და ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში", - განაცხდა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].


