თურქეთის განცხადებით, "მონტრეს კონვენცია" არ გავრცელდება გადაადგილებაზე არხში, რომლის გაყვანა სტამბულის ჩრდილოეთით იგეგმება

05-04-2021 12:28:37 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბოსფორის სრუტეში წყლის სავარაუდო დაბინძურების გარდა, ახალი არხი, რომლის გაყვანას თურქეთი სტამბულის ჩრდილოეთით გეგმავს, "მონტრეს კონვენციას" საფრთხის ქვეშ დააყენებს.

"მონტრეს კონვენციამ" თურქეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი განცხადება და ქმედება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს, რომ "მონტრეს კონვენცია" – მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის გადარჩენის თვალსაზრისით, განხილვას დაექვემდებაროს”, - ნათქვამია 104 ყოფილი სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს. მათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებას ედავებიან.

ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ განცხადებაში, რომელსაც ხელს 104 პენსიაზე გასული სამხედრო მაღალჩინოსანი აწერს, "მთავრობის სამხედრო გზით დამხობის თაობაზე შეთქმულების ნიშნებია".

"გადამდგარი სამხედრო პირების ჯგუფი ამ განცხადებით საკუთარ თავს აყენებს სავალალო მდგომარეობაში", – აცხადებს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სპიკერი იბრაჰიმ კალინი.

ცნობისთვის: თურქეთი გეგმავს, სტამბულის ჩრდილოეთით გაიყვანოს 45-კილომეტრიანი არხი, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ ახალ არხში გადაადგილებაზე "მონტრეს კონვენცია" არ გავრცელდება.

როგორც თურქული მედია იუწყება, არხის მშენებლობას აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. მთავრობის პროგნოზით, ახალი სანაოსნო გზა ბოსფორის სრუტის დატვირთვას შეამცირებს, რომლითაც ამ დროისათვის ძალიან ბევრი ხომალდი სარგებლობს. ამასთან, ახალი არხის არსებობა დააზღვევს იმგვარ ინციდენტებს, რომელიც ამ დღეებში მოხდა სუეცის არხში, სადაც გიგანტური კონტეინერმზიდი იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ახალი არხის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ქალაქის მერი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეკრემ იმამოღლუა.

რა არის "მონტრეს კონვენცია"

1936 წელს ხელმოწერილი "მონტრეს კონვენცია" არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გამოყენებას სხვა ქვეყნების სატვირთო გემების მიერ. დოკუმენტის თანახმად, თურქეთი ახორციელებს სრუტეებზე კონტროლს მის საზღვრებში. მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილია სრუტეებში სამოქალაქო გემების შესვლა. ამასთან, "მონტრეს კონვენცია" შავი ზღვის აუზში საზღვაო სამხედრო გემების დაშვებას ზღუდავს. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით, უცხოეთის გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავი ზღვის აუზში ყოფნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები