
საწვავის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდას პროგნოზირებენ
05/04/2021 10:54:13 ეკონომიკა
საწვავის ფასმა შესაძლოა, ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიოს: ბოლო სამი თვის განმავლობაში ფასმა 60 თეთრით მოიმატა, უკანასკნელ კვირაში კი – 3 თეთრით და გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულსაც. საწვავის ფასი დაკორექტირდა დღესაც: 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 2.62 ლარია, არაბრენდირებულებზე – 2.45 ლარი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ტემპით საწვავის ფასი რეკორდულს ღირებულებას – 3 ლარს მიაღწევს (განსაკუთრებით საუბარია პრემიუმისა და სუპერის მარკის საწვავზე), რაც ასევე აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასზეც.
სპეციალისტების დაკვირვებით, სადღეისოდ ფასებზე როგორც საწვავის საერთაშორისო ღირებულება, ისე ლარის კურსი ახდენს გავლენას.
„საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი დღეს უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებს საწვავის ფასზე. კომპანიებს, რომლებიც საბითუმო ბაზარზე, საცალო ქსელში ოპერირებენ, ამის გათვალისწინებით მოუწევთ ფასების კორექტირება მატებისკენ“,– ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი და პროგნოზირებს, რომ „საწვავის ფასის ზრდა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება“.
„ბიოლის“ დამფუძნებელი რუსა რამაზაშვილი ფიქრობს, რომ ლარის კურსს მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციები აღარ უშველის და ქვეყნის ეკონომიკა უნდა ამუშავდეს:
„საწვავის საბითუმო გაყიდვებმა 10 თეთრით უკვე მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საცალო ქსელშიც გაძვირდება. ბუნებრივია, გაძვირდება, რადგან ლარი ანტირეკორდს ამყარებ და ამას ალბათ, ინტერვენციებიც აღარ უშველის. თუ ეკონომიკა არ გაიხსნა, თუ ქვეყანა არ ამუშავდა, სავარაუდოდ, ამ პროცეს არაფერი უშველის. მარაგი გვაქვს, რომელიც მუდმივად ივსება და რაც უფრო ემატება ახალი მარაგი, მით უფრო ძვირდება მისი საშუალო შეწონილი ფასი. იმედი გვაქვს, ფასს რაღაც დონეზე დავიჭერთ, თუ ლარის კურსს 3.20 ლარამდე მაინც ჩამოწევენ. მაგრამ თუ პროცესი ესე გაგრძელდა, ფასი 3.0 ლარზე ავა“.
კომპანიების ნაწილი ამ ეტაპზე გამოსავლად აქციზის განაკვეთის განახევრებას და 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მიიჩნევს. 2017 წელს 1 ტონა ბენზინის საწვავის აქციზის გადასახადი 250–ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო დიზელის 150–დან 400 ლარამდე გაიზარდა. ამდენად, თუ აქციზის გადასახადი გადაიხედება, დაახლოებით, 20 თეთრით გაიაფდება საწვავი.
ეკონომისტთა ნაწილი კი ამ ინიციატივას პანდემიის, შემოსავლების შემცირების პირობებში არ იზიარებს, მით უფრო, რომ მათი ანალიზით, მსგავსი ნაბიჯი საწვავის ფასის ზრდის ტენდენციას ვერ შეაჩერებს.
„რამდენადაც შეამცირებენ აქციზს, იმდენით შემცირდება საწვავის ფასი, მაგრამ მეორეს მხრივ, საგადასახადო შემოსავლებს შეუმცირებს ბიუჯეტს და ეს დილემაა: კრიზისის დროს ისედაც შემცირებული შემოსავლების პირობებში რამდენად უღირს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა? ფასების ზრდას აქციზის შემცირება ვერ შეაჩერებს, უბრალოდ –20 თეთრით გააგრძელებს ზრდას“,– ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.