"რთულია, ვიმსჯელოთ IRI-ს შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის შემდეგ"
06/04/2021 11:17:03 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი IRI-ს ახალი კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კვლევის შედეგებზე მსჯელობა რთულია, რადგან გამოკითხვის ჩატარების შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
"ცხადია, საზოგადოებას ურჩევნია, ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი და, შეიძლება ითქვას, ფაქტიურად ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი ვადამდელი არჩევნები. ეს კიდევ აჩვენებს იმას, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი და ალბათ, ადასტურებს ყველაზე კარგად ჩვენს წინადადებას, რომ ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში არჩევნები”, – განაცხადა სამადაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, 45% – ეწინააღმდეგება.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60% საპარლამენტო ბოიკოტს მხარს არ უჭერს.
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.


