ქემოკლიძე: "გახარიას რეიტინგი მოულოდნელი არაა, რადგან იგი ყველასგან განსხვავებული, თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ლიდერია"
06/04/2021 12:34:46 პოლიტიკა
"გიორგი გახარიას, რეიტინგი არ არის მოულოდნელი, რადგან იგი ყველასგან განსხვავებული, თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ლიდერია", – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა, გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება IRI-ს გუშინდელი კვლევის პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კვლევის იმ ნაწილს, სადაც გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული. საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი (პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი) იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული. პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი. ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში. P.S. შეგნებულად არ ვასახელებ კონკრეტულ ტელევიზიებს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თავად გააკეთებს", –წერს ქემოკლიძე.
მისივე შეფასებით, IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ "მოსახლეობა გადაღლილია რადიკალიზმით, პოლარიცაზიით და ითხოვს მეტწილად ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტას. ყველა დანარჩენი საკითხი მათთვის არის მეორეხარისხოვანი".


