რას შეცვლის საქართველოსთვის „მონტროს კონვენციის“ გადახედვა?

06-04-2021 17:01:41 ანალიზი

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ თურქეთში „მონტროს კონვენციის“ გადახედვაზე დაწყებულმა დისკუსიამ საქართველოში განსხვავებული მოლოდინები გააჩნია. სპეციალისტთა ნაწილი დისკუსიის კონვენციის გადახედვით დასრულების შემთხვევაში გეოპოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია, რომელმაც შესაძლოა, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მით უფრო, რომ შავი ზღვა დასავლეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ფასდება. თუმცა საქართველოს კონტექსტში არსებობს არსებითად განსხვავებული მოსაზრებებიც.

რა ხდება

თურქეთი გეგმავს, სტამბულის ჩრდილოეთით გაიყვანოს 45-კილომეტრიანი არხი, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. მთავრობის პროგნოზით, ახალი სანაოსნო გზა ბოსფორის სრუტის დატვირთვას შეამცირებს, რომლითაც ამ დროისათვის ძალიან ბევრი ხომალდი სარგებლობს. ამასთან, ახალი არხის არსებობა დააზღვევს იმგვარ ინციდენტებს, რომელიც ამ დღეებში მოხდა სუეცის არხში, სადაც გიგანტური კონტეინერმზიდი იყო გაჭედილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ახალი არხის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ქალაქის მერი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეკრემ იმამოღლუა.

თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბოსფორის სრუტეში წყლის სავარაუდო დაბინძურების გარდა, ახალი არხი, რომლის გაყვანას თურქეთი სტამბულის ჩრდილოეთით გეგმავს, "მონტროს კონვენციას" საფრთხის ქვეშ დააყენებს.

"მონტროს კონვენციამ" თურქეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი განცხადება და ქმედება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს, რომ "მონტროს კონვენცია" – მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის გადარჩენის თვალსაზრისით, განხილვას დაექვემდებაროს”, - ნათქვამია 104 ყოფილი სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ 10 გადამდგარი ადმირალი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ განცხადებაში, რომელსაც ხელს 104 პენსიაზე გასული სამხედრო მაღალჩინოსანი აწერს, "მთავრობის სამხედრო გზით დამხობის თაობაზე შეთქმულების ნიშნებია" და არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან.

"გადამდგარი სამხედრო პირების ჯგუფი ამ განცხადებით საკუთარ თავს აყენებს სავალალო მდგომარეობაში", – აცხადებს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სპიკერი იბრაჰიმ კალინი.

მოგვიანებით თავად ერდოღანმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამჟამად თურქეთი მონტროს კონვენციიდან გასვლას არ აპირებს, თუმცა თუ ამის საჭიროება მომავალში დადგება, თურქეთის მთავრობა გადახედავს ნებისმიერ კონტრაქტს, რომ ქვეყანას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს. ერდოღანმა თქვა ისიც, რომ უშუალოდ ხელოვნურ არხთან კონვენციის დაკავშირება შეცდომაა.

რა გულისხმობს "მონტროს კონვენცია"

1936 წელს ხელმოწერილი "მონტროს კონვენცია" არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გამოყენებას სხვა ქვეყნების სატვირთო გემების მიერ. დოკუმენტის თანახმად, თურქეთი ახორციელებს სრუტეებზე კონტროლს მის საზღვრებში. მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილია სრუტეებში სამოქალაქო გემების შესვლა. ამასთან, "მონტროს კონვენცია" შავი ზღვის აუზში საზღვაო სამხედრო გემების დაშვებას ზღუდავს. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით, უცხოეთის გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავი ზღვის აუზში ყოფნა.

მოლოდინები საქართველოში

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ ბატიაშვილის ანალიზით, თავად ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად დაიწყო საუბარი "მონტროს კონვენციის" გადახედვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკითხი მტკივნეული გახლდათ თურქეთისთვის.

„ახლა კი ვხედავთ რეგიონში თურქეთის მზარდ ამბიციებს და დაიწყო საუბარი“,– ამბობს ბატიაშვილი.

რაც შეეხება გადახედვის პერსპექტივას, ბატიაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • საერთშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებაზე;
  • როგორი იქნება ერთის მხრივ, თურქეთ–დასავლეთის, მეორეს მხრივ – თურქეთ–რუსეთის ურთიერთობა;
  • რა საპასუხო ზომები შეიძლება, გადადგას რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ იგივე სირიაში (შეიძლება, ითქვას, რომ თურქეთი ერთი–ერთზეა დარჩენილი რუსეთთან).

"ამდენად, ბევრი ფაქტორია, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნება“,– ამბობს „აქცენტთან“ ბატიაშვილი.

თავად კონვენციის გადახედვა კი შეიძლება, შედიოდეს თურქეთის, აშშ–ის და საქართველოს ინტერესებში:

„კონვენციის გადახედვის შემთხვევაში თურქეთი თავისი შეხედულებებისამებრ შეძლებს გემების გატარებას ან არგატარებას; შეზღუდვები შავ ზღვას ფაქტობრივად ტბად აქცევს და გადახედვის შემთხვევაში, დასავლეთს შესაძლებლობა ექნება, უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი. საქართველოს შემთხვევაში კი თეორიული შანსი ჩნდება, იგივე, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები გაჩნდეს ფოთში, ბათუმში ან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაჩქარდეს. ანაკლიის პროექტის დაჩქარება კი ჩვენს ინტერესშია. ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე“.

საკითხთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს.

„გაჩნდა იმედი, რომ „თუ „მონტროს კონვენცია“ არ გავრცელდება, შავ ზღვაში ამერიკის ფლოტი იმოძრავებს და რუსეთს შეაწუხებს“. საქმე ასე მარტივად არაა: შავ ზღვაში ამერიკულ ხომალდებს ისედაც შეუძლიათ შემოსვლა და რამდენიმე კვირით გაჩერება. აქედან გამომდინარე, თუ „მონტროს კონვენცია“ არ გავრცელდება, ეს რას ცვლის? არც არაფერს. არხი იქნება შედარებით უფრო განიერი, ვიდრე ბოსფორის და დარდანელის სრუტეები, მაგრამ იქ ავიამზიდი მაინც ვერ შემოვა. შესაბამისად, ეს არაფერს ცვლის. მით უფრო, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი გვიდგას, შავ ზღვაში ამერიკული გემი როდის შემოვა, სამწუხაროდ, იმდენად მნიშვნელოვანი არაა. როგორც წესი, ჩვენ მთელ რიგ მოვლენებში ჩვენთვის ძალიან სახიფათოს ან გადამრჩენელს ვხედავთ, მაგრამ მსგავსი არც ამჯეარდ არაფერი ხდება: ახალი ხელოვნური არხი თურქეთისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, იზრდება თურქეთის სატრანზიტო ფუნქცია და სავაჭრო თემაცაა, გაავრცელოს თუ არა კონვენცია – თურქეთი კიდევ ერთხელ ჩნდება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში“,– ამბობს „აქცენტთან“ შარაშენიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები