Accentnews.ge
"არ ენდობიან": რუსული არმია ჩეჩნებსა და ინგუშებზე უარს ამბობს?

"არ ენდობიან": რუსული არმია ჩეჩნებსა და ინგუშებზე უარს ამბობს?

07/04/2021 08:45:24 კავკასია

მოსკოვის სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელ ვიქტორ შჩეპილოვის წერილმა, რომელშიც ყველა კომისარს ეძლევა ბრძანება, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან წვევამდელთა რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ, ამ რესპუბლიკებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოტივად წერილში "რუსეთის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისა და საბრძოლო მზადყოფნის ზრდის პროცესებზე ამ ხალხების წარმომადგენლების არასასურველი გავლენის დაუშვებლობაა" დასახელებული.

წერილში საუბარია ასევე განზრახვაზე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 2021 წლის სამხედრო გაწვევისას ჩრდილოეთ კავკასიელ წვევამდელთა რაოდენობა "მინიმუმამდე შემცირდეს". "სასურველია, ხსენებული ხალხების წარმომადგენლები შეიარაღებულ ძალებში საერთოდ აღარ იყვნენ", – ნათქვამია დოკუმენტში, თუმცა მხოლოდ ჩეჩნები და ინგუშები იგულისხნებოდნენ, თუ სხვა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხებიც - გაურკვეველია.

ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან გაწვევის შეზღუდვები წერილის გარეშეც საყოველთაოდაა ცნობილი

როგორც ჩეჩნეთის ომბუდსმენმა ნურდი ნუხაჟიევმა განაცხადა, შჩეპილოვის ბრძანება ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ პოლიტიკას და "მსგავსი ადამიანები სახელმწიფო ორგანოებში, მით უფრო თავდაცვის სამინისტროში არ უნდა მუშაობდნენ".

ჩინოსნის თქმით, მისი აპარატი ოფიციალურ მიმართვას ამზადებს რუსეთის გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრისადმი. ჩეჩნეთის ომბუდსმენმა დააზუსტა, რომ შიდა უწყებრივი ინსტრუქციის არსებობის შესახებ ანნა ტერმერისგან - "რუსი ჯარისკაცების დედების კომიტეტის" იაროსლავლის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარისგან შეიტყო.

თავის მხრივ, ინგუშური მედია რესპუბლიკის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიქტორ შჩეპილოვმა წერილის ქვეშ მისი ხელმოწერის ნამდვილობა უარყო. ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, სავარაუდოდ, ინგუშეთის სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა. ზოგიერთი რუსული გამოცემის ცნობით კი, გენერალური პროკურატურა "ფეიქის ავტორთა ძებნას შეუდგა".

მიუხედავად ამისა, თავად მოსკოვის სამხედრო კომისარიატს მედიისთვის პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ვიქტორ შჩეპილოვის ხელმოწერა, რომელიც სხვა ოფიციალური დოკუმენტების ქვეშ ფიგურირებს, ძალიან ჰგავს ზემოთხსენებული წერილის ქვეშ არსებულს.

ესეც რომ არა, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან გაწვევის შეზღუდვები მსგავსი წერილის გარეშეც საყოველთაოდაა ცნობილი.

სტაბილურად მაღალი უმუშევრობის პირობებში ბევრს სამხედრო სამსახური მეტ-ნაკლებად მისაღები მომავლის მცირედ შანსებს მაინც უქმნის

განურჩევლად იმისა, ავთენტურია თუ არა შჩეპილოვის წერილი, არსებული გამოცდილება ჩრდილოეთ კავკასიიდან ახალგაზრდობის ჯარში გაწვევისადმი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაერთგვაროვან მიდგომაზე მიუთითებს. ბრძანებით თუ მის გარეშე, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან გაწვეულთა რაოდენობა ყოველწლიურად გაცილებით ჩამოუვარდება ამ რესპუბლიკების შესაბამის პოტენციალს.

ჩეჩნეთში მხოლოდ საშემოდგომო გაწვევა ხორციელდება, რომლის დროსაც რესპუბლიკაში მხოლოდ 500-მდე ახალგაზრდას იწვევენ. არადა, წვევამდელთა რეალური რაოდენობა 80 000-ს აღემატება. ინგუშეთში გასული წლის საგაზაფხულო გაწვევისას ჯარში მხოლოდ 200 ადამიანი წავიდა, მაშინ, როცა რეგისტრირებულია შესაბამისი ასაკის 12 000 მაცხოვრებელი, რომელსაც სამხედრო სამსახური არ გაუვლია.

ოდნავ უმჯობესია ვითარება ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბიკებში. მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან ყოველწლიურად 1 000-1 500 ახალგაზრდას იწვევენ.

სამხედროები წვევამდელთა რაოდენობის შემცირებას რუსული ჯარის ნაწილობრივ საკონტრაქტო საფუძველზე გადაყვანას უკავშირებენ. გასული წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა რაოდენობა 225 ათასამდე შემცირდა, კონტრაქტორების რაოდენობა კი 405 ათასამდე გაიზარდა.

თუმცა ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან წვევამდელთა მცირე რაოდენობას რუსული არმიის ნაწილობრივ საკონტრაქტო მოდელზე გადაყვანა სრულად ვერ ახსნის. მაგალითად, მეზობელი სტავროპოლის მხარიდან ყოველწლიურად საშუალოდ 6 000 ახალგაზრდას იწვევენ, ანუ ჩეჩნეთთან შედარებით - 12-ჯერ მეტს.

ამ ფონზე საინტერესოა დაღესტნის მაგალითი. 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევისას რესპუბლიკამ მიიღო დავალება, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 4 200 კაცი გაეწვია. ეს 1 200-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. მსგავსი მასშტაბები მით უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ სულ ათიოდე წლის წინ რესპუბლიკაში გაწვევა ხშირად საერთოდ ვარდებოდა, ხოლო როცა არა, იწვევდნენ არა ათასობით, არამედ სულ რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას.

პატრიოტული რიტორიკის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება რეგიონის ხალხებს ამ დრომდე არ ენდობა

დაღესტანში წვევამდელთა რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ შეიძლება, აიხსნას იმ ძალადობის მნიშვნელოვანი შემცირებით, რომელიც შეიარაღებული იატაკქვეშეთის მოქმედებას უკავშირდებოდა. თუ 2010-ში დაღესტანში კონფლიქტის 700-მდე მსხვერპლი (ყველა მხრიდან დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით) იყო აღრიცხული, 2019 წელს ასეთი სულ 9 მოითვალეს,2020-ში – სულ 10.

თუმცა ძალადობის დაქვეითების მსგავს შედეგებს აჩვენებენ ჩეჩნეთი და ინგუშეთიც. იქ "ბოევიკების" ხელით მოკლულთა რაოდენობა ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. და მაინც, გაწვევა ორივე რესპუბლიკაში თითქმის გაყინულია. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები, როგორც წესი, ჯარს თავს არ არიდებენ, ვინაიდან სტაბილურად მაღალი უმუშევრობის პირობებში იგი ბევრს მეტ-ნაკლებად მისაღები მომავლის მცირეოდენ შანსს მაინც აძლევს.

სავარაუდოდ, მთავარი წინაღობა ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან წვევამდელთა რაოდენობის გასაზრდელად რუსეთის შეიარაღებული ძალების ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციაა. მაღალი ალბათობით, პატრიოტული რიტორიკისა და იმის რწმენის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტი საბოლოოდ გადაწყდა, რუსეთის ხელისუფლება რეგიონის ხალხებს ჯერ კიდევ არ ენდობა.

წყარო: Kavkazr.com

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S