
ივანიშვილები „ქართული ოცნების“ ფინანსურად უზრუნველყოფას განაგრძობენ
07/04/2021 13:47:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადის მიუხედავად, ივანიშვილები სახელისუფლებო პარტიის ფინანსურად უზრუნველყოფას განაგრძობენ. კერძოდ, როგორც „ტვ პირველმა“ გაარკვია, ბოლო სამ თვეში პარტიისთვის ზოგადად, სხვადასხვა პირების მიერ შეწირულია სამ მილიონზე მეტი ლარი, მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები „ქართუ ბანკიდან“, ხოლო ივანიშვილის ძმამ – ალექსანდრე ივანიშვილმა 26 იანვარს 50 000 ლარი გაიღო.
„კიდევ ბევრს შევწირავ“– განუცხადა „ტვ პირველს“ ალექსანდრე ივანიშვილმა თემის კომენტირებისას და განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება „პარტიის გამარჯვებას და ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებს“ უკავშირდება.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ძმასთან კომუნიკაცია, ისიც ხომ არ აპირებს პარტიისთვის თანხის შეწირვას, ალექსანდრე ივანიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„რა თქმა უნდა, შესწირავს“.
სახელისუფლებო პარტიაში ირწმუნებიან, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კითხვებს არ აჩენს, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რჩება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში.
„ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკიდან წავიდა, იცით, რომ საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი სრულად გადასცა საქართველოს და მის მოსახლეობას. ამდენად, მისი დამოკიდებულება ქვეყნის, ქართველი ხალხის, პოლიტიკის, საზოგადოების მიმართ ძალიან მკაფიო, აშკარაა, არ იწვევს კითხვის ნიშნებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვინაიდან ბიძინა ვანიშვილი ჩამოშორდა პოლიტიკას, მივცეთ შესაძლებლობა, გააგრძელოს ის ცხოვრება, რომელიც მან აირჩია“,– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თემის კომენტირებისას.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებული კითხვები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
ცნობისთვის: ივანიშვილმა პოლიტიკიდან მორიგი წასვლის თაობაზე განცხადება 11 იანვარს გააკეთა.