
"სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში პირველი სხდომა საქართველოს საკითხზე გაიმართა, ეს აგვისტოს ომის შემდეგ არ მომხდარა"
08/04/2021 06:08:35 პოლიტიკა
"ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა. კითხვა, "საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა?" – 5 წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი აქტიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
მან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს ხელმძღვანელობით მომუშავე მისიებში, ნაცვლად კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ნაცვლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობისა, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს".
მისი თქმით, თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ.
"იმის მაგალითი რამდენად დიდია ამ საკითხისადმი ყურადღება ვაშინგტონში არის ის ფაქტი, რომ პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პიროებებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე იყო. არა ავღანეთზე და ერაყზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, – განაცხადა კენტმა.