"ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ"
09/04/2021 09:17:32 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ფასილიტატორების ჩართულობა ვერც მორალურად, ვერც ფინანსურად და ვერც პოლიტიკურად ვერ დააფასა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ასეთი ჩართულობა საქართველოს არ ახსოვს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
"თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა. არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა ევროპისათვის და რაოდენ დაახლოებულები ვართ უკვე. ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის", - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ დახმარება უშედეგოდ არ ჩაივლის.
"ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს თუ არ ჩავთვლით ომის მძიმე პერიოდს. მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და დავარწმუნო იმაში, რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის", - აცხადებს პრეზიდენტი.


