"მწუხარებას გამოვთქვამ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს"
09/04/2021 13:03:58 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ეს უკანასკნელი ტრაგედია, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად", - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის: 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.


