ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრები მიიწვია
09/04/2021 13:32:08 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიიწვია.
ცნობილია, რომ პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიებიდან თითო წარმომადგენელი დაპატიჟა.
ორბელიანების სასახლეში “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიწვიეს სალომე სამადაშვილი, რომელმაც მოსაწვევის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრება:
“მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვევისთვის. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწრები, თუმცა კი, სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თქვენთვის მინიჭებულ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს უკეთ რომ იყენებდეთ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ”.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ვინ დაესწრება ღონისძიებას ჯერ–ჯერობით უცნობია.


