"ადეიშვილს ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების მკითხველი კადრები"
12/04/2021 19:36:31 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი იუსტიციის ექს–მინისტრ, ყოფილ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საკითხს ეხმიანება.
"ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.
მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა:
1. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე - 1 წელი და 6 თვე,
2. ტვ იბერიის საქმეზე - 1 წელი და 6 თვე,
3. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე - 5 წელი და 3 თვე,
4. კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე - 6 წელი
ბრალდებულია:
1. რობაქიძის საქმეზე,
2. ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე,
3. ე.წ ციხის კადრების საქმეზე", –წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.


