მელიას სასამართლო პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის
13/04/2021 05:49:50 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სავარაუდოდ, მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.
"მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს განიხილავს სასამართლო. ჩვენ უკვე წარვადგინეთ წინასასამართლო პროცესი ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. 17 აპრილამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. მოსამართლე ამ პროცესზე განიხილავს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის განგრძობადობის საკითხს.
რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, ძალიან გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, თუმცა დიდი იმედი იმისა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით იქნება მიღებული გონივრული გადაწყვეტილება და იგი გათავისუფლდება პატიმრობიდან - არ გვაქვს, ვინაიდან ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება," - განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
სასამართლო პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქცია პერფომანსს გამართავენ.
აქტივისტები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.
აქციის მონაწილეთა შეფასებით, მელიას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ამიტომ, სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვენ.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. "ნაცმოძრაობის" ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმმა დააკავა.


