მელია – მოსამართლეს: „რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ“
13/04/2021 09:04:34 პოლიტიკა
რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და რას იტყვიან თქვენზე მეზობლები და ნათესავები, კობახიძემ აღიარა, „მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.
ამ წუთებში სასამართლო პროცესი გრძელდება, სასამართლოს ეზოში კი მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
„რაც შეეხება კობახიძეს, რომელიც ამბობს, ვიდრე თქვენ იმსჯელებდით, აი, წირვაში დაღლილი მღვდლის გამომეტყველებით, კორექტული ვიქნები ვეცდები, მაგრამ რაც თქვენ ჩემ მიმართ განახორციელეთ, ვიდრე აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ქონდათ, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. თქვა ეს კობახიძემ და აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზეც უნდა იფიქროთ. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე იყავით; 20 წლის მერე ამ საქმეზე ხომ დადგინდება სიმართლე; აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა, მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.
ქალბატონო მოსამართლე, უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა, ამაზე მყარი არგუმენტი არ არსებობს. თქვენს ადგილზე ნებისმიერი მოქალაქე რომ დაჯდეს, დააკმაყოფილებს. როგორ მოხდა, რომ ვიდრე ციხეში გამიშვებდნენ, პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გავეშვი ციხეში და ვიდრე თქვენ მსჯელობდით, ოფისის მიმდებარედ სპეცრაზმის მობილიზაცია იწყებოდა. არ ხდება ამ ბრძანების გაცემა, თუ არ იცის შესაბამისმა სამსახურმა, რომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო“, – მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს.


