თალაკვაძე – გახარიას გუნდის წევრებს: „სირცხვილია!“
14/04/2021 09:01:06 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.
თალაკვაძე ამბობს, რომ "გიორგი გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულება დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა".
"ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების და პირობის ნაცვლად რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს", - ამბობს თალაკვაძე.
თალაკვაძის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი გასაცემი იქნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, გახარიას გუნდმა პასუხისმგებლობებზე უარი თქვა.
"დაველოდებით, ვნახავთ რა პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო", - აცხადებს თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მაღალი ალბათობით, გიორგი გახარიას გუნდი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას შეუერთდება, რადგან "ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში":
"ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას.
ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი ბრალდება. მთელი ეს პროცესი დაიწყო სწორედ რიგგარეშე არჩევნების გაყალბების ბრალდებით და შემდეგ ოპოზიციამ ბევრი ნაბიჯით უკან დაიხია".
დღეს ,,ქართული ოცნება" ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კადრებმა დატოვეს. მათ ახალი პარტიის შექმნა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა დააანონსეს.


