კონტრაქტები გაფორმდა: გერმანიაში საქართველოდან პირველი ჯგუფი გაემგზავრა

14-04-2021 21:12:38 ინტერვიუ

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი 20–კაციანი ჯგუფი საქართველოდან დღეს, 14 აპრილს გაემგზავრა.

როგორც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური გვეუბნება, საქართველოს 20 მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან გაგზავნილი აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია, ბრანდერბურგის რეგიონში სამი თვით გაემგზავრა და ბოსტნეულის აღებით, დახარისხებით, დაბინავება-დასაწყობებით დაკავდება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ კანდიდატების შერჩევა აჭარის რეგიონიდან დავიწყეთ, შესაბამისად, პირველი 20–კაციანი ჯგუფი, რომელიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გაემგზავრა, აჭარიდანაა“, – განაცხადა „აქცენტთან“ ნინო ველთაურმა. მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით მოწესრიგებულია პროცესის სამართლებრივი მხარეც – გაფორმებულია კონტრაქტები, გერმანიიდან გამოგზავნილია შრომითი ნებართვები გამგზავრების წინ გადაეცათ შერჩეულ კანდიდატებს, ამასთან, ჯგუფის წევრებმა გაიარეს პისიარ–ტესტირება, ჩაუტარდათ საორიენტაციო ტრენინგი.

როგორც ცნობილია, გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, დროებით დასაქმებულებისთვის ორი სახის დაბეგვრის სისტემა მუშაობს: პენსიონერი; სტუდენტი; დიასახლისი და მამასახლისი მინიმალურ – 5%–იან სისტემაში ექცევიან და ამავე სისტემაში მოხვდნენ გერმანიაში დღეს გამგზავრებული 20–კაციანი ჯგუფის წევრებიც.

როგორც ნინო ველთაური გვეუბნება, თუ სამუშაოს მაძიებლები უფრო რთული დაბეგვრის სისტემაში ხვდებიან (დასაქმებულები და თვითდასაქმებულები), როგორც წესი, თავად იკავებენ ვაკანსიაზე თანხმობის გაცემისგან თავს.

ჯგუფის წევრები ინფორმირებულნი არიან საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ, რომელიც გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ეს არ იქნება მაღალი კლასის სასტუმრო:

„დასაქმებულებთან მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, მათ აქვთ საკომუნიკაციო პირების კონტაქტები და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“.

რა პრინციპით არჩევს კანდიდატებს დამსაქმებელი

ჯგუფი 4 ქალისა და 16 კაცისგან შედგება და ძირითადი ბირთვი საშუალო ასაკზე მოდის, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა პრინციპით არჩევს დამსაქმებელი კანდიდატებს.

ნინო ველთაური გვეუბნება, რომ უშუალოდ საქართველოში კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ცდილობენ ბალანსის დაცვას სქესის, სამუშაო გამოცდილების, ასაკის, საკომუნიკაციო ენის ცოდნის თვალსაზრისით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისას, რომელსაც დამსაქმებელი იღებს, ბალანსი ირღვევა.

„კანდიდატები ერთნაირად აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, მაგრამ თავად დამსაქმებელი რა პრინციპით არჩევს მათ, ეს ჩვენთვის უცნობია, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ დაბალანსებულად ვარჩევთ კანდიდატებს, თუმცა საბოლოო თანხმობის დროს ეს პროპორციები ბუნებრივია, ირღვევა“,– აღნიშნავს ნინო ველთაური.

რამდენი ვაკანსია შემოვიდა

როგორც ნინო ველთაური გვეუბნება, ამჟამად ქართული მხარე 400 ვაკანსიისთვის შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ელის გერმანელი დამსაქმებლების გადაწყვეტილებას და ასევე გრძელდება კანდიდატების შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ თავისუფალ ვაკანსიებზე: გერმანიიდან საქართველოში შემოსული ვაკანსიების რაოდენობა 506.

კანდიდატების შერჩევის პროცესი

ველთაურის ცნობით, გურიისა და აჭარის რეგიონში უკვე მეორედ ჩატარდა ჯგუფური კონსულტაციები, ჯგუფური შეხვედრები შედგა ზემო იმერეთში: ტყიბულში, საჩხერეში, ჭიათურაში, ხარაგაულში და შერჩეული კანდიდატების აპლიკაციები გერმანელი მხარისთვისაა გაგზავნილი.

სისტემაში რეგისტრირებულ კანდიდატებთან შეხვედრები ასევე გაიმართა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებშიც, სამცხე–ჯავახეთში:

„მათთან წინასწარ იგზავნება შეტყობინებები, ვიბარებთ გასაუბრებაზე, ვახდენთ სწორ ინფორმირებას, თუ რა სახის სამუშაოებზე მოუწევთ დასაქმება თანხმობის შემთხვევაში, რა ხარჯის გაწევა უწევთ, რა ტიპის პასუხისმგებლობებია ორივე მხარეს (დამსაქმებლის და დასაქმებულის), რათა არ იყოს რეალობასთან აცდენილი მოლოდინები. ამ თვალსაზრისით სწორი ინფორმირება მნიშვნელოვანია: კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ შემოთავაზებაზე და საბოლოოდ მიიღონ მყარი, გაცნობიერებული გადაწყვეტილება. უნდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ კონსულტაციებზე გამოცხადებული მოქალაქეების დაახლოებით, 30% მოდის ინდივიდუალურ გასაუბრებაზე აპლიკაციის შესავსებად – რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა შთამბეჭდავად მაღალია, მაგრამ როდესაც დეტალურად გავდივართ სამუშაოს მაძიებელთან ვაკანსიის პირობებს, დაინტერესება იკლებს“ – აცხადებს ნინო ველთაური.

როგორც ნინო ველთაური ამბობს, ჯგუფური კონსულტაციები რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, რასაც შემდეგ ინდივიდუალური აპლიკაციების შევსება მოჰყვება. უკვე 19 აპრილიდან კი კანდიდატების შერჩევის პროცესი სამეგრელოს რეგიონში დაიწყება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები