აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ"
14/04/2021 17:36:25 პოლიტიკა
"იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ", – ამის შესახებ ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპრატამენტის განცხადებაში, რომელიც „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა.
როგორც გამოცემა იუწყება, განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შედეგ გაკეთდა.
"დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრეს-სპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს, საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს“.
დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტრესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.
„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს", – იუწყება " ამერიკის ხმა".
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესში, ადმინისტრაციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მანამდე კი, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის შემდგარი სარტელეფონო ზარის შესახებ მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ “სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად“.


