"აშშ–ში ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა"
15/04/2021 10:00:06 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა “მინიშნებები” მიიღეს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ.
"ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისისკენ და ბუნებრივია, მზად ვართ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით და ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.გვქონდა ყველა საკითხთან დაკავშირებით საუბრები, არჩევნების, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და ვსაუბრობთ, ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან რჩევების მოსმენა", - აცხადებს, "რუსთავი 2"–ის ცნობით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
“ყურადღება გავამახვილეთ იმაზეც, რომ რუსეთი რაღაცნაირად კვლავ ახერხებს თავისი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეშფოთების საგანია და ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს პარტნიორებთან. ასევე საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას და ბუნებრივია, ეს საკითხი იყო განხილვის საგანი”, — განაცხადა კობახიძემ.
“რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები შეხვდნენ ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტს, სენატორ ჯიმ რიშს და კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენენ. ტელეარხის ცნობით, ამერიკული მხარე ამ კონსულტაციებს სამუშაო შეხვედრებად მიიჩნევს და მედიისთვის არანაირ განცხადებებს არ ავრცელებენ.


