ზურაბიშვილსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს
15/04/2021 10:20:09 პოლიტიკა
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.
უცნობია კონკრეტული საკითხები, რაზეც 2 ქვეყნის პრეზიდენტები საუბრობენ. სავარაუდოდ, საუბარი ეხება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო კონტიგენტის მობილიზებას.
ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია და აღნიშნულის მიზეზად "საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის" [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის] უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა დაასახელა. 2020 წლის მაისის შემდეგ საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.
უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


