რაზე ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა
15/04/2021 11:40:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 2020 წლის მაისის შემდეგ საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია და აღნიშნულის მიზეზად "საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის" [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის] უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


