"ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ"
15/04/2021 14:10:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან გამართულ შევედრაზე რიგ სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარებაც განიხილა.
"რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვისაც დღეს დეესკალაცია", – განაცხადა ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ამასთან, ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის:
„სომხეთის პრეზიდენტ სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება, განსაკუთრებით პანდემიის დროს და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის".
ცნობისთვის: უკრაინა აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


