საქართველოში ვაქცინის პირველი დოზით აცრილი მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა – როდის შეძლებთ მეორე დოზის მიღებას?

16-04-2021 11:55:46 საზოგადოება

იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს კოვიდ–ინფიცირებული 60 წლის ქალი სამეგრელოდან, რომელსაც „ფაიზერის“ ვაქცინის ერთი ინექცია ჰქონდა გაკეთებული.

„ანამნეზით პაციენტს ერთი კვირის წინ ვაქცინაცია აქვს გაკეთებული – პირველი ეტაპი. გუშინ დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ამ წუთას მისი მდგომარეობა სტაბლურია, განაგრძობს მკურნალობას“,– აცხადებენ კლინიკაში.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინის მეორე დოზა არც ერთ ადამიანს არ აქვს მიღებული, შესაბამისად, ინფიცირების რისკი არსებობს და მთავარ რეკომენდაციად რეგულაციების დაცვა რჩება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მსგავსი სახის დაახლოებით, 5 შემთხვევის შესახებ თავადაც აქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ შემთხვევებში დაავადება შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც პირველი ინექციის შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ უნდა მიიღონ.

„ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდა, რამდენადაც მე ვიცი, შედარებით იოლ ფორმებში მოხდა დააადების განვითარება. რეკომენდაციაა, რომ ადამიანები მეორედაც უნდა აიცრან ინფიცირების დაწყებიდან 120 დღის შემდეგ“,– განაცხადა გამყრელიძემ.

როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინის მეორე დოზის მიღებას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 6 აპრილს განაცხადა, რომ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებს ხელახალი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.

„ფაიზერით“ აცრა საქართველოში 30 მარტს დაიწყო. ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 21 აპრილიდან გაიხსნება. „ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზიდან მეორე დოზამდე შუალედი 21 დღეა. სამინისტროს განმარტებით, 21-დღიანი ინტერვალის გათვალისწინებით, პირველი დოზით აცრის დროს კლინიკა მიაწვდის მოქალაქეს ინფორმაციას, თუ როდის უნდა გაიკეთოს მეორე დოზა და რეგისტრაციის გახსნის შემდეგ შესაბამის კვირაში დაჯავშნის მისთვის სასურველ დღეს და დროს.

იგივეა პროცედურა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც. განსხვავებაა ის, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

„ასტრაზენეკაზე“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყება. „AstraZeneca-ს შემთხვევაში მოქალაქეს ვაქცინაციის მეორე ეტაპი ყველაზე ადრე, 15 მაისიდან უწევს. 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან რიგი მან თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს. ასე რომ, ეს გამოცხადდება და თავიდან გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები