“გირჩი” პარლამენტის შენობაში შედის, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება
16/04/2021 10:10:04 პოლიტიკა
19 აპრილიდან, “გირჩი” პარლამენტის შენობაში შედის, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მანამდე „გირჩმა“ გამოაქვეყნა 7 წინაპირობა, რომელთაგან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი პარტია პარლამენტში შევიდოდა. იაგო ხვიჩიას თქმით, არცერთი საკითხი არ დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, “გირჩი” საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვება.
“ეს არ არის შესვლა. განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, არ მივიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას, არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებში, კომისიებში და საკომიტეტო სხდომებში, საერთაშორისო ვიზიტებში. არ განვახორციელებთ არცერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა ვიყენებთ ჩვენს პრივილეგიებს: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, პარლამენტის შენობას, პრეს-ბანერთან დგომის და ლაპარაკის უფლებას იმიტომ, რომ იქ კონცენტრირებულია მედია. ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. შევდივართ პარლამენტში არა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, არამედ შენობაში და იქ გადაგვაქვს ჩვენი სამეფოს ოფისი”, — ამბობს იაგო ხვიჩია.
მისი თქმით, ეს არის რეალური ბოიკოტის სტანდარტი და არა ქუჩაში დგომა და დაფინანსების მიღება. ხვიჩიას თქმით, პარლამენტის აპარატთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ტექნიკურ საკითხებს ადგილზე გაარკვევს.
საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.


