“ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია 16 აპრილის საღამოდან იქნება შესაძლებელი

16-04-2021 15:23:12 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად რეგისტრაციის შესაძლებლობა მოქალაქეებს დღეს, დღის ბოლოდან ექნებათ.

“დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და [აცრის მსურველები -რედ.] მიიღებენ შეტყობინებას SMS-ის საშუალებით. “ფაიზერის” მეორე აცრისთვის დოზები გადანახულია, ამდენად ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მეორე დოზის მიღება მხოლოდ იმ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, სადაც კონკრეტული ადამიანი პირველი დოზით აიცრა.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებული პირველი აცრიდან არ გასულა იმდენი დრო, რომ პირველი დოზით აცრილებისთვის მეორე დოზის გაკეთებაც ყოფილიყო შესაძლებელი.

“15 მაისია ის პერიოდი, თუ 8 კვირიან პერიოდშე შევთანხმდებით, როდესაც შეიძლება დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 16 აპრილისთვის საქართველოში 26 427 ადამიანი აიცრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები