"ოპოზიციამ უნდა მიბაძოს მმართველ პარტიას და უკვე მათი მხრიდან ხელმოწერით უნდა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი"

16-04-2021 22:35:55 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ საქართველოს ინტერესები, მოქალაქეების ინტერესები, ამომრჩევლის სურვილები დააყენა ყველაფერზე მაღლა".

„ახლა მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიციური პარტიების დროა. მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ოპოზიციამ უნდა მიბაძოს მმართველ პარტიას და უკვე მათი მხრიდან ხელმოწერით უნდა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. მართლაც ძალიან სამწუხაროა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არ აწერენ ხელს დოკუმენტს“, – აცხადებს კალიურანდი „ტელეიმედთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები