GIP:"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მოამზადოს ფონი 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის"

17-04-2021 16:45:17 საგარეო პოლიტიკა

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მოამზადოს ფონი 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას ასახავს.

ანგარიშის ავტორების ანალიზით, "საქართველომ არა რიტორიკის დონეზე, არამედ რეალურად უნდა წარმოადგინოს წარმატებით განხორციელებული რეფორმების პაკეტი, რათა დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ მეტნაკლებად პოზიტიურად შეხვდეს საქართველოს განაცხადს".

ანგარიშის ავტორები იქვე აღნიშნავენ, რომ "ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და კონსენსუსის ძიება ძირითად პარტიებს შორის".

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის მთავარი განაცხადი არის, რომ მთავრობა განახორციელებს საჭირო რეფორმებს და შექმნის ყველა პირობას, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ევროკავშირის ბაზრის გამოყენება საქართველოს მხრიდან დღეს არასაკმარისად არის ათვისებული, რომლის შესაძლებლობასაც სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება (DCFTA) იძლევა. რა თქმა უნდა, თუ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი, შესრულებული იქნება და აუცილებელიც არის, რომ საქართველომ შემდგომ ნაბიჯებზე იფიქროს. ამ ეტაპზე, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად შეძლებს მთავრობა საჭირო რეფორმების გატარებას და ჩამორჩენის აღმოფხვრას, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. განაცხადის გაკეთება არ ითვალისწინებს თავისთავად ყველა პირობის შესრულებას, მაგრამ შუძლია, ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულოს, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელბის კუთხით. ამასთან, კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ რამდენად რეალიზებადია 2024 წლისთვის ევროკავშირისგან წევრობის განაცხადზე თანხმობის მიღება, განსაკუთრებით დღეს არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე " - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორების დაკვირვებით, "ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხი 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში არის რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების ხელშეწყობა იმ ფონზე, როდესაც პარტია აანონსებს ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის მომზადებას და ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებას".

"რუსეთის შესახებ პუნქტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ამოცანა არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ რა ხარისხის ნაბიჯების გადადგმის რესურსი და გეგმა აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთთან მიმართებით პროგრამაში დასახული ამოცანების შესასრულებლად ისე, რომ არ დააზიანოს ერთი მხრივ საქართველოს დასავლური მისწრაფებები, მეორე მხრივ, შიდადემოკრატიული პროცესები და ბოლოს, უსაფრთხოების გარემო ქვეყნისთვის, განსაკუთრებით წითელი ხაზები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამ იმ ვნებათაღელვას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთების ვადად 2024 წლის დასახელებამ გამოიწვია.

"მათი ზოგადი შეფასებით, ეს დაპირება წინასაარჩევნოდ გაჟღერებული „ფუჭი“ მესიჯი იყო, რომელიც არჩევნების წინ მხარდაჭერის მობილიზაციას ისახავდა მიზნად. ამასთან, ოპოზიციურ სპექტრში გაჟღერდა არგუმენტი, რომ „არ შეიძლება ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანა, თუ წინასწარ 100%-იანი გარანტია არ გვაქვს მიღებული, რომ ამას პოზიტიური დინამიკა ექნება“. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების თქმით, ამგვარი დინამიკის შექმნისთვის, საჭიროა, შესაბამისი პოლიტიკური ფონი, რაც, მმართველი პარტიის პირობებში შექმნილი არ არის" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები