Accentnews.ge
ოპოზიციიდან ვინ არის მზად მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის და ვინ ითხოვს დამატებით შიდა კონსულტაციებს

ოპოზიციიდან ვინ არის მზად მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის და ვინ ითხოვს დამატებით შიდა კონსულტაციებს

18/04/2021 17:20:35 პოლიტიკა

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

ახალ წინადადებაში, მათ შორის, აღნიშნულია:

  • პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.
  • 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მზადაა ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, ნაწილი კი დამატებით შიდა კონსულტაციებს ითხოვს.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე:

"დოკუმენტი, რომელიც დღეს დადო პრეზიდენტ მიშელმა არის ძალიან პოზიტიური პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ აქ უკვე არის ჩანაწერი თუ როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდე არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო ეს არის - ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი, ჩანაწერი არის მკაფიო, საუბარია ორ საქმეზე და არის გზები როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი, ამიტომ ამის გათვალისწინებით დანარჩენი სამი საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც აქამდე შეთანხმებული ვიყავით დოკუმენტი არის მისაღები. მე შემიძლია "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვთქვა, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს, მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის, საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ".

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძე:

"ჩემი აზრით, ამ დაკუმენტის შინაარსი, მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით".

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე:

"თქვენ იცით, რომ 2 საკითხზე უნდა მომხდარიყო საბოლოო შეჯერება, პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ".

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი:

"აქაა საუბარი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში პროპორციულ წესში 43 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. აქ რურუას და მელიას გათავისუფლების ძალიან კონკრეტული მექანიზმებია. აქაა ძალიან სერიოზული ჩანაწერები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმასთან და ხუთ კომიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლება უნდა დაიკავონ. ერთი რამ ვიცი, უსასრულოდ ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავინ დაგვიწყებს, ეს იყო ბრიუსელის განცხადება, ვაშინგტონის განცხადება, ერთობლივი, გამოქვეყნდა საბოლოო დოკუმენტი, ამას ვინც ხელს არ მოაწერს, იმას არც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს, რომელიც სიღატაკეში იხრჩობა. ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ, ისედაც პარლამენტში ვართ შესულები. უცნაურია, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო წარმოდგენილი. საინტერესოა, ხალხმა ნახოს, ვისაც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს, ის ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს“.

„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი:

"იმედი მაქვს, მხარეები ამდენი ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ მაინც იქნებიან უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ამ შეთანხმებას არ გავაფუჭებთ. მე და ჩემი პარტია დაველოდებით პარლამენტში ჩვენი კოლეგების შემოერთებას და იმედია, მერე ერთად შევალთ დარბაზში. სითბოს ვგრძნობ და ეს რაღაცნაირად იმედს მაძლევს, რომ ჩვენი კოლეგები დღეს საღამოს, როდესაც ისინი ითათბირებენ საკუთარ კოლეგებთან, გაიაზრებენ იმ შესაძლო შედეგებს, რომელიც ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვება და მიიღებენ საღი აზრის საფუძველზე საკუთარ გადაწყვეტილებას".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი:

"დღევანდელი დოკუმენტი გარკვეულწილად არის გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო პოზიციას, ჩვენ გეტყვით პირდაპირ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს პრობლემები, შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდაკონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო პოზიცია".

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია:

"ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში, იმასთან შედარებით სადაც ვიყავით, ანუ საკვანძო საკითხში პოლიტპატიმრების არის ის ტესტი მოცემული, რომელიც თუ სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას არ გააკეთებს ვინმე მთავრობიდან, არის მკაფიო, რომ ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით, მათი გათავისუფლების საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს. ასევე ძალიან კარგი არის რომ ჩვენ გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ "ქართული ოცნების" წევრები საერთოდ არ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე, კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს იძახიან. ვადამდელის თვითმმართველობაზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი, ან პირდაპირი შეთანხმება და ვადებზე მოქნილები ვართ, ან პლებისციტი".

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:

"დოკუმენტი ცალსახად არის უკეთესი, ვიდრე წინა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი კარგად არის გაწერილი. ხელის მოწერაც რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. გვითხრეს, რომ ჩვენ გვექნება დრო, რომ ვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები, ამიტომ რასაც ვაპირებ, არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S