სააკაშვილი – მიშელის ახალ დოკუმენტზე: "გაუგებარია, რატომ 43% და არა 50%? 43% - რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ?"
19/04/2021 09:58:58 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
"გაუგებარია, რატომ არის 43% და რატომ არ არის 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43%- რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ? ეს არის ის თემა, რომელიც ჩემთვის არის კითხვა. ვთქვათ 43%, მაგრამ ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს. ისევ თამარ ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში, 8 პროფესიულ წევრს ნიშნავს ისევ ცესკო, რვავე წევრი იქნება "ქართული ოცნების" წევრი", — აცხადებს სააკაშვილი.
მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "პრაქტიკულად პირველად, "ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები", თუმცა, "ეშმაკი დეტალებშია".
როგორც სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.


