პრეზიდენტი "ოცნებას" აკრიტიკებს: "გაკვირვებული ვარ. ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს"
19/04/2021 12:20:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აკრიტიკებს და განმარტავს, რომ შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეცია არის.
"გაკვირვებული ვარ დღეს მმართველი პარტია " ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული გაცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემასთან. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეცია არის", - აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რამე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს:
"ისიც მინდა, ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რამე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან, ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუმცა გარკვეული პირობით:
„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორეს მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“.
ცნობისთვის: მანამდე "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არ გამოხატავდა კრიტიკულ პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ "რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებდა, მიუხედავად იმისა, რომ რურუა არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი".
"მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს". - აცხადებდა მმართველი პარტია.


