“გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი გვინულდება შანსი, ევროპას კეთილგანწყობის დონეზე მაინც დავუახლოვდეთ”

19-04-2021 18:03:24 ანალიზი

გასული წლის პირველ ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ანგარიშისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამის პრეზენტაციისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი “საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე” და მას შემდეგ აღნიშნული ასე ვთქვათ, ანონსი ერთგვარ მთავარ ხაზად იქცა სახელისუფლებო გუნდის საშინაო თუ საგარეო არენაზე პოზიციონირების. თუმცა 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი, რომელიც არც მანამდე გამოირჩეოდა სტაბილურობით, შეიცვალა: თუ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტად და ახალ ნაბიჯად ფასდებოდა, უკვე ნახევარი წელია, ქვეყანა იმგვარ პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული, რომ მის მოგვარებას ევროპელი დიპლომატები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ, პარლამენტი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს, ქვეყანა ვერ ორიენტირდება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე – საშინაო თუ საგარეო გამოწვევებზე. სწორედ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში განაცხადის გაკეთებამდე „ორჯერ დაფიქრების“ რჩევით გამოდის ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი:

„თუ ახლა არაა შესაძლებლობა, გადაიჭრას რთული შიდა გამოწვევები, როგორ შეუძლია საქართველოს მოლაპარაკება აწარმოოს წევრობაზე. ეს საერთოდ არაა ადვილი გზა. მე ლიეტუვას მთავარი მომლაპარაკებელი ვიყავი ევროკავშირის გზაზე და რომ არა ეროვნული კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის რეფორმებზე, არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ განაცხადს წარადგენთ EU-ს წევრობაზე იმ პირობებში, რაშიც ახლა ხართ“.

აგრეთვე გაიჟღერა ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის ბრიუსელში შექმნილი კეთილგანწყობილი გარემოს გადახედვის ერთგვარმა მუქარამ და შიდა ქართული პრობლემებით პარტნიორების "გადაღლის" გაფრთხილებამ.

ფონის მომზადება

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მოამზადოს ფონი 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის",– ვკითხულობთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები“.

ამ კონტექსტში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ აუცილებელია, შიდაპოლიტიკურმა ფონმა სტაბილურობისკენ გადაინაცვლოს და კრიზისის პროგნოზირებად ეტაპზე გადაყვანით დავარწმუნოთ ევროპელი პარტნიორები, განსაკუთრებით ის ავტორიტეტული ფიგურები, რომლებიც ქართული პოლიტიკური კრიზისის მედიაციის პროცესში არიან ჩართულნი, რომ გვაქვს პოლიტიკური რესურსი, ნება, სიმწიფე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მათ შორის, პოლიტიკურადაც შესაბამისი სტანდარტები ვაჩვენოთ:

„პოლიტიკური ფონი აუცილებლად უნდა შევუსაბამოთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და ეს ინსტიტუციური – ლოკალური თუ გლობალური გაწევრიანების გეგმებისთვის ნოყიერ ნიადაგს მოამზადებს“.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, შეუქცევადი, სიღრმისეული რეფორმებისთვის (იქნება ეს მართლმსაჯულების, ეკონომიკური თუ სოციალური მიმართულებით) პოლიტიკური კრიზისით შექმნილი არასახარბიელო ფონის მიუხედავად, აუცილებელია, გაგრძელდეს რეფორმებზე მუშაობა „განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ჩიხურია ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მდგომარეობა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის თვალსაზრისით“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების ევროკავშირში წევრობის განაცხადთან შეუსაბამობა

ამ კონტექსტში ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ 2020 წლის წინასაარჩევნო დანაპირებზე ამახვილებს ყურადღებას:

„2020 წლის საარჩევნო პროგრამაში, განსხვავებით წინა ორი საარჩევნო პროგრამისგან, „ქართული ოცნების“ ხედვა კონკრეტულად ორიენტირდება რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობის გაგრძელების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით თავისთავად ორმხრივი კეთილი ნებაა აუცილებელი – რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც გვჭირდება გარკვეული სახის კეთილი ნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამაში გაცხადებულ მიზანს მიაღწიოს. შესაბამისად, ამ კეთილი ნების მობილიზების თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ „ბეწვის ხიდზე“ გავლა უწევს, მათ შორის, ჟენევის ფორმატის, დეოკუპაციის პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები განაახლა“,– ამბობს სამხარაძე და იქვე დასძენს, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მობილიზება ქვეყნის მთავრობის მხრიდან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და „ფრთხილად უნდა იყოს, რომ ეს რესურსი არ მოაკლდეს ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს“:

„ეს ორი საკითხი მეტ–ნაკლებად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან: რადგან რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მის „უკანა ეზოში“ დასავლური „რბილი ძალა“ რაც შეიძლება, ნაკლებად იყოს წარმოდგენილი, რუსეთთან ამ ტიპის კონტაქტების ხელშეწყობის კონტექსტში სიფრთხილეა საჭირო, რათა 2024 წელს წევრობაზე განაცხადის გაკეთების ჩვენი ისედაც დაზიანებული პერსპექტივა მეტად არ დავაზიანოთ“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამაში, განსაკუთრებით საგარეო მიზნებთან დაკავშირებით იმგვარი განაცხადები აქვს წარდგენილი, რომელიც შემდეგ სტრატეგიულად აღსრულების ბერკეტების თუ კონკრეტული ნაბიჯების თვალსაზრისით აღარაა გაშლილი, არც უშუალოდ დოკუმენტში და არც წინასაარჩევნო ვერბალურ რიტორიკაში, რაც პარტიის კონკრეტულ გეგმაზე, თუ საერთოდ არსებობს მსგავსი რამ, მსჯელობას ართულებს.

რატომაა განაცხადის გაკეთებამდე შესაბამისი ფონის მოუმზადებლობა პრობლემა?

სამხარაძე ორ გარემოებას გამოყოფს:

„ევროპარლამენტარების ტონშიც იგრძნობა, რომ შესაძლოა, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში 2024 წლამდეც ვიხილოთ კონკრეტული დახევები. მაგალითად, იყო ერთგვარი მუქარა კონკრეტული ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე. ევროპული მხარე ძალიან მოტივირებულია, კრიზისის დაბალანსებაში ქართული პოლიტიკური ელიტის მობილიზება მოახდინოს და აუცილებლად გამოიყენებს ყველა ბერკეტს (ერთგვარ სადამსჯელოსაც), რომელიც კრიზისის განმუხტვას დაეხმარება: წამახალისებელი ფაქტორები, რაც პირობითობის კონტექსტში გვაქვს, შესაძლოა უახლოეს მომავალში აღარ გვქონდეს“.

რაც შეეხება მეორე გარემოებას, რასაც აგრეთვე პრობლემურად განიხილავს სამხარაძე, ეს გრძელვადიან კონტექსტში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გლობალური პოლიტიკური კულტურის გაქრობას მიიჩნევს, რაც მისი ხედვით, კიდევ უფრო დაგვაშორებს ევროპულ პოლიტიკურ ტრადიციას:

„ვნახეთ, რომ ევროკავშირი კონსენსუსზე დაფუძნებული კრიზისის მოგვარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, 2024 წელსაც რომ შევეშვათ, კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი გვინულდება შანსები, ევროპას კეთილგანწყობის დონეზე მაინც დავუახლოვდეთ, რაც თავისთავად ეხება წევრობის პერსპექტივასაც“.

ამასთან, სამხარაძე იზიარებს კრიტიკოსთა მოსაზრებას, რომ თუკი საქართველო 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალურ განაცხადს წარუმატებლად შეიტანს და მისი ხედვით, მაღალი შანსია, 2024 წელს პირველი უარყოფა მივიღოთ, ამან შესაძლოა, გარკვეული პროცესების უკან დახევა განაპირობოს, იგივე საზოგადოებრივი განწყობის მობილიზების თუ ნიჰილიზმის ჩამოყალიბების თვალსაზრისით:

„შესაბამისად, ის, რომ დღეს ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მუშაობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ფონია, მიუთითებს იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით ამაზე ფიქრიც კი ნაადრევია. თუმცა მისი გეგმის დონეზე არსებობა პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის შემდეგ აუცილებლად გვჭირდება ინსტიტუციური წინსვლა, თუმცა მოუმზადებლად განაცხადის გაკეთება შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები