ხოშტარია: "სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე"
19/04/2021 15:55:47 პოლიტიკა
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას, როგორც ევროპული საქართველოს ყოფილ წევრს მანდატი არ ეკუთვნის. როგორც ხოშტარია წერს, იმით სარგებლობა რაც პარტიას ეკუთვნის, "კეთილსინდისიერად" არ მიაჩნია.
"როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება", - წერს ხოშტარია.
მისივე თქმით, შეთანხმების ახალი დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, თუმცა, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა:
"პირველ რიგში პოლიტპატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება. როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა".
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.


