ვინ არის სახელისუფლებო გუნდთან მიღწეული შეთანხმების აღსრულების გარანტორი
19/04/2021 19:42:20 პოლიტიკა
„ლელოს“ დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მთავარია, რომ სახელისუფლებო გუნდმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რადგან „ეს არ იყო დოკუმენტი, რომელზეც ხელის მოწერა მათ უნდოდათ“.
„მთავარია, რომ ეს ფაქტი მოხდა. ახლა მთავარი ამოცანაა, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ ხელშეკრულებითაა აღებული, ზედმიწევნით განხორციელდეს და ამის გარანტია არის ჩვენი პროცესში ევროკავშირის და აშშ–ის ჩართულობა“,– განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მონიტორინგი ზედმიწევნით განხორციელდება.
"გარანტია ამ შემთხვევაში არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის უერთგულესი მეგობრების ევროკავშირის და შეერთებული შტატების ჩართულობა. ხვალ ქვეყანას ბატონი შარლ მიშელი ეწვევა, რომელიც მიესალმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ხვალ მასთან შეხვედრა გვექნება, რათა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გავიხილოთ და დავსახოთ გზები, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“,– განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა მას შემდეგ განხორციელდება, რაც ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. ამ ეტაპზე შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველო“. ბაქრაძემ და სამადაშვილმა დოკუმენტს ხლი მოაწერეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.


