აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი – შეთანხმებაზე: "მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება"
20/04/2021 05:31:30 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, აშშ მზადაა, საქართველოს ამ შეთანხმების მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.
"ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს განვითარებისთვის. მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვრჩებით ერთგული, რომ დავეხმაროთ საქართველოს, რათა ამ შეთანხმების მიზანს მიაღწიოს", - წერს პრაისი.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. ამ ეტაპზე შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველო“. ბაქრაძემ და სამადაშვილმა დოკუმენტს ხლი მოაწერეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.


