გახარიას გუნდის წევრები შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერენ
20/04/2021 07:55:22 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი, რომლებიც ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად გეგმავენ პარტიის დაფუძნებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს უერთდება.
მათგან 4 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორს - ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კოვიდ- 19 აქვს.
„ეს არ არის იდეალური დოკუმენტი, მაგრამ არის დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობა“,– განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია. დოკუმენტზე ხელის მოსაწერად დღეს "ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი მივიდა.


