მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის თარიღს ასახელებს
20/04/2021 09:04:44 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს და ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩენებისთვის ის საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იქნება.
"ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. 43%-იანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ესაა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად.
ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგად. [...]
მინდა, გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი",– განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მან შეთანხმების დოკუმენტზეც ისაუბრა და ენმ–ს მოუწოდა, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ხელი მოაწეროს.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს".
მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ:
"ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა". - ამბობს სააკაშვილი.
"ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას. მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელების და ევროპელების, რომ მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პრობლემები და მონაწილეობენ ამ პროცესში. მე მივესალმები შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს. ნიკა მელიამ დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი დამატებითი გირაოს გარეშე. უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ ის ციხეში არის უკანონოდ და უდანაშაულოდ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მინდა, მოვუწოდო ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი: შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა". - თქვა ექს–პრეზიდენტმა.


