"თუკი არის საჭიროება, საქართველოს მიენიჭოს MAP, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური მივცეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის"
20/04/2021 10:00:04 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ "თუ არსებობს საჭიროება, საქართველოს მიენიჭოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური მივცეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის".
"ვფიქრობ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევრონესტში. ვხედავ ჩვენი მხრიდან დიდ საჭიროებას, შევქმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო ამბიციური არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან გასულ წელს ევროპარლამენტში განხილული იდეები, როგორიცაა სექტორული ინტეგრაცია, უნდა იყოს უფრო კონკრეტული. ყველა ამ იდეას უნდა ჰქონდეს მკაფიო ნიშნულები და მკაფიო პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ სად მიგვიყვანს ეს ინტეგრაცია, რა სახის სარგებელს მიიღებენ ქვეყნები, თუ ამ მიზანს მიაღწევენ. ვიტყოდი, რეალურად თუ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს საჭიროება, საქართველოსა და უკრაინას მიენიჭოთ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური მივცეთ ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სწორედ ეს არის, რაც ევროკავშირმა უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება", – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.


