"მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი და ხმა მიმეცა "ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს"
20/04/2021 11:17:34 პოლიტიკა
"მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი და ხმა მიმეცა "ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს შეთანხმება ნორმალური, კარგი კომპრომისია. „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ასრულებს ყველაფერს, რაც იყო მოთხოვნილი – პატიმრების გათავისუფლება, 43 პროცენტის დათქმა, მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეთანხმებაშია შესული. მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი და ხმა მიმეცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული დიდი პროგრესის, ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს. როგორც პოტენციური ქართველი ამომრჩეველი, ვთხოვდი ყველას ოპოზიციაში, რომ საბოლოოდ შესულიყვნენ პარლამენტში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ახლა მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ შეთანხმების ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი აბსოლუტურად მართალია:
„აბსოლუტურად. შემიძლია მხოლოდ მივულოცო სალომეს ამ განცხადების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, მან აღიარა, რომ საქართველოში ერთიანობა არის ის, რაც არ სურს რუსეთს. რაც უფრო დიდია განხეთქილება, რაც მეტი დაპირისპირება და ბრძოლაა, მით უკეთესია რუსეთისთვის. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, დარჩით ერთიანები, იმუშავეთ ერთად, ეცადეთ, იყოთ ვაშინგტონსა და ბრიუსელში თქვენს პარტნიორებთან შეთანხმებულები. შესაბამისად, დიახ, სალომე აბსოლუტურად მართალია.


