"როგორც ბაიდენისა და ბლინკენისთვის, ისე NATO-სთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ცნობილია"
20/04/2021 14:00:32 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ცნობილია.
"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს მისწრაფებებს კარგად იცნობენ. ეს არ არის ახალი ქვეყანა მათთვის. საქართველოს როლი მათთვის ცნობილია და მაღალი შეფასება აქვს მიცემული, ასევე საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ–სა და NATO-სთვის ცნობილია", – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანად მზად არიან NATO-ს წევრობისთვის:
"საქართველოს დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანად მზად არიან ალიანსის წევრობისთვის და პასუხისმგებლობისთვის. NATO და აშშ საქართველოსთან მუშაობას გააგრძელებენ, რათა თბილისმა არსებითი რეფორმები განახორციელოს, გააძლიეროს ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, გაზარდოს ქართული შეიარაღებული ძალების თავსებადობა NATO –ს სტანდარტებთან".
ელჩმა აშშ–ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება გაიხსენა, რომლის თანახმად, "შეერთებული შტატების ბედი ქვეყნიდან შორს მდებარე ტერიტორიებთანაა დაკავშირებული":
"რუსეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის და მთლიანად ალიანსისთვის. 10 წლის წინ როდესაც NATO-ში ვმუშაობდი, ვფიქრობდით, რომ იყო შესაძლებლობა, რომ განსხვავებული ურთიერთობა გვქონოდა რუსეთთან. ვხედავთ, რომ რუსეთმა მოახდინა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და კვლავ ახდენს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. ბაიდენის ადმინისტრაცია ნათლად აცხადებდა რომ აშშ–ის ბედი დაკავშირებულია ძალიან შორეულ ტერიტორიებთან ჩვენი ნაპირებიდან და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ამის მაგალითია. ისინი არ სცნობენ საზღვრებს და უნდა არსებობდეს კოლექტიური რეაგირება ამაზე".


