"შეთანხმებას შეუძლია, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს"
20/04/2021 16:23:12 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანმებას შეუძლია, "ქვეყანა ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს".
"19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანაში თვეების განმავლობაში გრძელდება. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ოპოზიციის ორი დაპატიმრებული წევრის საკითხის გადაჭრას და იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიცია შეუერთდება პარლამენტს. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა, წასულიყვნენ კომპრომისზე თავიანთი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ და ამ შეთანხმებას შეუძლია, საქართველო დააბრუნოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე", – აცხადებს რიში.
მისივე თქმით, კომპრომისის პოვნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება:
"კომპრომისის პოვნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება. ”ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეასრულონ ეს შეთანხმება და აღადგინონ პოლიტიკური ნდობა. როგორც არაერთხელ მითქვამს, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური ნიშნით დევნის გზიდან, რათა კვლავ ააშენოს ძლიერი და წარმატებული საქართველო. შეთანხმებას ქვეყანა, სწორედ წარმატებული მიმართულებით მიჰყავს, აშშ, მათ შორის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრები, დიდ ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას".
ამასთან, სენატორმა აშშ–ისა და ევროკავშირს მოლაპარაკებებში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.


