"ოპოზიციურმა პარტიებმა "ნაციონალური მოძრაობა" მიატოვეს და გაწირეს"
20/04/2021 18:47:23 პოლიტიკა
"გაერთიანებული ოპოზიცია –ძალა ერთობაშიას" სიით არჩეული დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით "ნაციონალური მოძრაობა" გაწირეს".
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ "უპერსპექტივო მომავალი" აქვთ.
"გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის მოსალოდნელი. გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტიურად მიატოვეს "ნაციონალური მოძრაობა" და გაწირეს "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზებისთვის და შემდეგ განადგურებისთვის. დარწმუნებული ვარ, ენმ მარტო რომ დარჩენილიყო გარეთ და რომ დარჩეს, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება მის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შებრძანებული [პარლამენტში] პოლიტიკური ძალები კრინტის დამძვრელიც არ არიან. ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, მაგრამ მე შემიძლია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ვუწინასწარმეტყველო უპერსპექტივო მომავალი. ჩათვალეთ, ეს პარტიები შემდეგ არჩევნებში ვერცერთ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, რადგან გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს თავისი პოლიტიკური პარტნიორის, რომელიც ხანდახან გაუმართლებლად უთმობდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს", - განაცხადა სანიკიძემ.


