ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
21/04/2021 06:01:13 პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კოროლი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად:
"მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების შესრულება სრულად და სკრუპულოზურად. საზღვრებს გარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილური მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.


